გვილიამ „სლოვანში“ ითამაშა - სლოვაკებს რუსებთან მატჩისთვის აკრიტიკებენ  #1TVSPORT
გვილიამ „სლოვანში“ ითამაშა - სლოვაკებს რუსებთან მატჩისთვის აკრიტიკებენ  #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი ბრატისლავს „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ყატარში დაწყებულ ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე სკანდალში გაეხვია, რადგან რუსულ გუნდს, მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდა.

ამ მატჩის დროს მოედანზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი გავიდა. ლუკა გაგნიძე პირველი წუთებიდან გამოჩნდა „დინამოს“ შემადგენლობაში, ხოლო „სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. სლოვაკები 1:2 დამარცხდნენ. „სლოვანიდან“ ერთადერთი გოლი მეოთხე წუთზე ჯაბა კანკავამ გაიტანა. თუმცა, ბადე გახეული იყო და თავიდან ისე ჩანდა, რომ ბურთი კარს ააცილა.

რაც შეეხება მეოთხე ქართველ ფეხბურთელს – მოედანზე ვაკო გვილია შევიდა, რომელიც ბოლო ერთი წელი არ ჩანდა და არსად თამაშობდა. ბოლოს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმების გამო არ უთამაშია. 29 წლის ფეხბურთელი მეორე ტაიმში „სლოვანის“ შემადგენლობაში გამოჩნდა.

ამ მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაღას „სლავიამ“ ბრატისლავას „სლოვანთან“ 4 თებერვალს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე უარი თქვა, რადგან უკრაინასთან სოლიდარობის გამო, სლოვაკური გუნდის მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩი მიუღებლად მიიჩნიეს.