ქვეყნები, რომლებიც საუდის არაბეთთან იარაღით ვაჭრობენ
ქვეყნები, რომლებიც საუდის არაბეთთან იარაღით ვაჭრობენ

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს შეაჩერებს. თუმცა, ბერლინისგან განსხვავებით, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ თუ აშშ  საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდებას შეწყვეტს, ეს არა ერ-რიადს, არამედ ვაშინგტონს დააზარალებს, რადგან საუდის არაბეთი იარაღს რუსეთისგან ან ჩინეთისგან იყიდის.

„ევრონიუსის“ ცნობით, საუდის არაბეთს იარაღს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აწვდის. თუ ბრიუსელში ერ-რიადისთვის სანქციების დაწესებას გადაწყვეტენ, ყველაზე მეტად საფრანგეთი დაზარალდება.

რომელი ქვეყნები ვაჭრობენ იარაღით საუდის არაბეთთან

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საუდის არაბეთთან სამხედრო სფეროში 100 მილიონ დოლარად შეფასებული კონტრაქტი გაფორმებული აქვთ გერმანიას, იტალიას, ესპანეთსა და ბულგარეთს.

საუდის არაბეთისთვის სხვადასხვა სახის შეიარაღების მიწოდების მიზნით გაცემული ლიცენზიებით შემდეგი ევროპული სახელმწიფოები ლიდერობენ.

1. საფრანგეთი -13 829 998 780 ევრო
2. დიდი ბრიტანეთი – 613 190 442 ევრო
3. გერმანია – 529 705 969 ევრო
4. იტალია – 427 471 532 ევრო
5. ბულგარეთი – 203 768 212 ევრო
6. ესპანეთი – 154 859 063 ევრო
7. ბელგია – 33 514 269 ევრო
8. პოლონეთი – 29 840 950 ევრო
9. რუმინეთი – 16 577 887 ევრო
10. ჩეხეთი – 12 003 322 ევრო

ამასთან, როგორც Defence News-ი იუწყება, საუდის არაბეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაწყვეტით ყველაზე მეტად დიდი ბრიტანეთი დაზარალდება, რომლიც სამხედრო აღჭურვილობის 48%-ს საუდის არაბეთში ყიდის. პარიზმა და ერ-რიადმა 2018 წლის აპრილში ახალი სამთავრობოთაშორისო კონტრაქტი გააფორმეს, რათა შეიარაღების მიწოდება დროულად დასრულდეს.

ესპანეთმა 2017 წელს შეზღუდა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდება. მადრიდმა ერ-რიადს 11 მილიონი დოლარი დაუბრუნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ერ რიადი 1,8 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტის შეწყვეტით დაიმუქრა, მადრიდმა უკან დაიხია.

ესპანეთმა საუდის არაბეთს 2014-2017 წლებში 352 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება მაინც მიჰყიდა.

ბერლინში 2018 წლის იანვარში განაცხადეს, რომ აღარ მიაწოდებენ იარაღს იმ ქვეყნებს, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში არიან ჩართულები. თუმცა, ოპონენეტები ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ გერმანიამ შეზღუდვა შეარბილა.
2015 წლის მონაცემებით ევროკავშირის საუდის არაბეთთან იარაღის ვაჭრობის მოცულობით, მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა.

რა რეაქცია ჰქონდათ ევროკავშირის წევრებს ხაშოგის მკვლელობაზე

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაუწესებს. მისი თქმით, შეზღუდვა ჟურნალისტის მკვლელობის გარშემო სიტუაციის გარკვევამდე შენარჩუნდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი არ არის პარიზის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017-2018 წლებში საფრანგეთიდან საუდის არაბეთში 4 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანეს. ეს მონაცემები არ შეიცავს შეიარაღების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს.
მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთმა ერ-რიადთან პოლიტიკური კავშირი შეზღუდა, თუმცა შეიარაღების ექსპორტზე პარიზს ემბარგო არ დაუწესებია.
საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვაზე ჯერ არაფერი უთქვამთ ლონდონშიც. იარაღის ექსპორტის შეჩერებას არ აპირებს ესპანეთიც, თუმცა მადრიდში ამბობენ, რომ ხაშოგის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.

რაც შეეხება ვაშინგტონს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მთავრობის განმარტებით „უკმაყოფილოა“, თუმცა იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესება არ განიხილება.

დატოვე კომენტარი