სამართალდამცველებმა ქვემო ფონიჭალაში გუშინ მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ე.ა. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 1982 წელს დაბადებული რ.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.
ქვემო ფონიჭალაში მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა.