ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი გარდაიცვალა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მომხდარ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟს ახორციელებდნენ.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი თანამშრომელი. მას დამწვრობა აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.