ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს - დაჭრილია ერთი პირი
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.