ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს
ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს

იუნკერების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი ანსამბლმა „ქუთაისმა“ შეასრულა.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელ გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები და „დროშის აღმართვის წესის შესახებ“ სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო დროშაზე, როგორც სახელმწიფოსა და ხალხის გამაერთიანებელ სიმბოლოზე, სულის გაუტეხელობისა და სიმამაცის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.

დროშის დღის აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი დღეს სენაკში დაასრულებს, სადაც დროშას პედაგოგები იმ სკოლაში აღმართავენ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი ანსამბლი „სენაკი“ შეასრულებს.