გიორგი მარგველაშვილი - დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ვერ გაგვტეხენ
გიორგი მარგველაშვილი - დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ვერ გაგვტეხენ

დღეს დროშა აღვმართეთ იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც აღწერს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფო სიწმინდის, ჩვენი ღირსების, ჩვენი თავმოყვარეობის სიმბოლოს, საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ამ დღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმ ადგილას, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში მოხდა ის, რაც აღწერს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა. 2008წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი აწამეს, რომ გაეტეხათ მისი სული. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და თავისი ქვეყნის სიყვარული. მაშინ ოკუპანტია დაიპყრო ტერიტორია. გაავლო ჩვენს სხეულზე იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა იმიტომ, რომ ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე სოხუმში ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული. ისიც არ გატყდა. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები, ქალაქები, მან ვერ გატეხა ქართველი მებრძოლი. ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, რას ნიშნავს დროშა. დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო. დროშა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. ქართული დროშა არ დაწეულა იმ ნაწილზე ჩვენი ტერიტორიისა, სადაც დგას ჩვენი მტრის ჯარი, ჩვენი დროშა მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული ანწუხელიძისა და გაბისკირიასი. სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს გმირობა არის მიზანი იმისა, რომ ასე იცხოვრონ, ქართული დროშა იფრიალებს ამაყად და მაღლა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში  გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.