ქუთაისში, რიონის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მაშველებმა არასრულწლოვნები გამოიყვანეს [ვიდეო]
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მაშველებმა არასრულწლოვნები გამოიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ორივე მათგანი სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.