ქუთაისში რეზო გაბრიაძის წიგნის - „ჩემი პატარა ქალაქი“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში რეზო გაბრიაძის წიგნის, „ჩემი პატარა ქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას გაბრიაძის შემოქმედების თაყვანისმცემლები, მწერლის ოჯახის წევრები და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნი ქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, წიგნები გაიყიდება და გაყიდვის შედეგად შეგროვილი თანხა შესაბამისი საჭიროების ბავშვებს მოხმარდება.
როგორც მწერლის შვილმა, ლეო გაბრიაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, წიგნში – „ჩემი პატარა ქალაქი“ ექვსი ნაწარმოებია შესული.
„ნათელი სევდის და იუმორის მატარებელი ადამიანი იყო მამაჩემი. დედაჩემი ამბობდა, რომ რეზო დენის სადენები იყო იზოლაციის გარეშე. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, გავაგრძელოთ მისი საქმეები. უამრავი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა მწერლის შვილმა, ლეო გაბრიაძემ.