ქუთაისში, გორში, თელავში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში 100 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი 100 ახალ ავტობუსს მიიღებენ. საუბარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამაზე.
ევრობანკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11.8 მილიონი ევროა, საიდანაც „იბიარდი“ 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ავტობუსები ევრო-5 ტიპის დიზელის საწვავზე იმუშავებს.
ევრობანკი პროექტის დამტკიცებაზე, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს იმსჯელებს. თანხას ფინანსთა სამინისტრო მიიღებს, პროექტის განმახორციელებელი კი მუნიციპალური განვითარების ფონდია.