ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო
ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება.

„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ხუთი ან მეტი ქულა. მონიტორინგის მუშაობის დასრულების შემდგომ, კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა ამ დრომდეც შეეძლოთ, თუმცა ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო მათთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.