ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული ორივე პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, ერთ-ერთი მათგანი – ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება ბავშვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში ქუთაისიდან დილით გადმოიყვანეს.
„ჩვენთან შემოყვანილი ორი პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება. ორივეს აღენიშნება დამწვრობითი ჭრილობები, სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმეა ბავშვის მდგომარეობაც, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა, ქეთი თარგამაძემ.
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ შვიდი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.