ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც პირველ არხს მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა, ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა, სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მისივე თქმით, საქმის მასალებიდან კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
„ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. მოწმეებს წარმოადგენს ბრალდების მხარე, რომელთა დაკითხვა მოხდება პროცესზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მეკო კვირიკაშვილის ბრალეულობა საქმის მასალებიდან არ იკვეთება. კვირიკაშვილი არ აღიარებს, რომ მისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაცვის პოზიციაა, რომ ბოლომდე ალბათ მივიღებთ გამამართლებელ განაჩენს. საქმეზე ჩატარებულია ოთხი ექსპერტიზა. პირველი ექსპერტიზის დასკვნით დასადგენი იყო რიგი გარემოებები, რის გამოც ექსპერტიზამ წერილობით მიუთითა, რა გარემოებები იყო დასადგენი სრულყოფილი ექსპერტიზის ჩასატარებლად, რის შემდეგაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა, რომელშიც მიუთითა გამოძიებამ, რომ კვირიკაშვილი ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა და დაეჯახა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნულის საფუძველზე, ექსპერტიზამ გასცა დასკვნა, რომ იყო კვირიკაშვილის ბრალეულობა, რის შემდეგაც მეკო კვირიკაშვილს წარედგინა ბრალი 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოძიება გვეწარმოებინა. ჩავატარეთ დამატებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, უკვე საქმეში არსებული მთელი მასალებით მეკო კვირიკაშვილის ბრალეულება არ იკვეთება. ამის შემდეგ, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ მიეცა უფლება, ბრალდების მხარეს დაენიშნა კომისიური ექსპერტიზა, რომელიც დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურ მთავარ სამმართველოში და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც თუ ვინმე ექსპერტია საქართველოში, ყველა აწერს ხელს. შვიდი ექსპერტის ხელმოწერით მოვიდა დასკვნა, რომ არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა მეკო კვირიკაშვილის ბრალეულობით“, – განაცხადა ნუკრი კვინიკაძემ.
2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.
გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედის ინფორმაციით, საქმის მტკიცებულებები განადგურებულია. როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია პროკურატურაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მორაგბეს შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.