გიორგი ჩხაიძე - მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს
გიორგი ჩხაიძე - მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე გიორგი ჩხაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირსა და სამწვრთნელო შტაბს მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასის განაცხადს მიღმა დატოვების გამო აკრიტიკებს.

საქართველოს პირველი არხი მორაგბის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ! ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც ოთხი მსოფლიო აქვს ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ხუთი მსოფლიო თასი სულ მსოფლიოში ორ კაცს აქვს ნათამაშები, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს დაუდია ხუთი ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც. მე როგორც ვიცი სამ კვირაზე მეტია მეკოს (მერაბ კვირიკაშვილს) ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს ეძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას, ან დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი. რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არაუშავს. ეს, ესე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ. არ ხარ შენ კარგი კაცი მილტონ“, – წერს გიორგი ჩხაიძე.

გიორგი ჩხაიძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 101-ჯერ ითამაშა და შვიდი ლელო დადო. იგი ოთხი მსოფლიო თასის მონაწილეა (2003, 2007, 2011, 2015).