ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.

წულაია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ეს არის შერჩევითი სამართალი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების გამო, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ დაუჯარიმებიათ.

საქმე ეხება ქუთაისში 11 დეკემბერს „გაბედეს“ აქტივისტების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს, რომელშიც გოგი წულაიაც მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოების ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე განთავსება სცადეს, თუმცა ამის უფლება არ მიეცათ და საბოლოოდ ფოტოები ბუჩქებზე განათავსეს.

ამასთან, ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელი ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ათასი ლარით დააჯარიმა.