ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს
ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმეს

ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელი ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ათასი ლარით დააჯარიმა.

„გაბედეს“ წევრებმა დღეს მერიის წინ ბრიფინგი გამართეს. „უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი“-ასე შეაფასა „გაბედეს“ წევრმა მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენელის გარდა, ათას ლარიანი ჯარიმა მიუვიდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს, გოგი წულაიასაც.

შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებას მერიის ზედამხედველობის სამსახური უარყოფს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკა გრიგოლაშვილის თქმით, დაჯარიმება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე განხორციელდა.

დაჯარიმების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.