ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ტესტირების პუნქტ „იუნიქის“ შემდეგ, მედდიაგნოსტიკის კოვიდტესტირების პუნქტი ამოქმედდა. მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.
„დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახის „კოვიდ-19“-ის „პისიარ“ კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით „კოვიდ-19“-ის „პისიარ“ ტესტირება, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს მგზავრი აეროპორტშივე, 90 წუთში მიიღებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, „პისიარ“ ტესტის ღირებულება, რომელიც პასუხს რვა საათში იძლევა, 70 ლარს შეადგენს, ხოლო იმ „პისიარ“ ტესტის საფასური, რომლის პასუხის მისაღებად 3-4 საათია საჭირო, 120 ლარია. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, სწრაფი (Ag) მეთოდით ტესტირება 30 ლარი ღირს.
„იუნიქის“ ტესტირების პუნქტი აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება „იუნიქში“ 40 ლარი, „პისიარ“ ტესტი – 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.