არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ. შედეგების თანახმად, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 78014-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49,52 პროცენტია.
36676 ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, რაც ხმების 48,72 პროცენტია, ხოლო 38 601 ხმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, რაც ხმების 51,28 პროცენტია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანი პროცედურული ხასიათის არის.
„რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საჩივრებს, მათი შემოტანის ვადა ორი დღეა. შესაბამისად, ასეთი საჩივრების განხილვა ორი დღის შემდეგ დაიწყება, მანამდე კი განვიხილავთ 17 საჩივარს, რომლებიც არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის“, – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.