ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით „რიონის ხეობის მცველებს“ და სპეციალისტებს ხვდებიან
ქუთაისის მერიის შენობაში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს ხვდებიან.
შეხვედრაზე მხარეები „ნამახვანი ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ იმსჯელებენ.
შეხვედრის დაწყებამდე, „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად, კონსენსუსის მიღწევის იმედი არ აქვთ.
„ეს არის ფორმალური შეხვედრა და ამ შეხვედრაში მონაწილეობას დავთანხმდით მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ საკუთარი მოთხოვნები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „რიონის ხეობის მცველმა“, ვარლამ გოლეთიანმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, დიალოგს ყოველთვის მოაქვს შედეგი.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ჩართული ვართ ინტენსიურ დიალოგში. დიალოგს ყოველთვის მოაქვს შედეგი. ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება კომპანიასთან და მოგახსენებთ რამდენიმე შეთანხმებას, რაც საინტერესო იქნება შემდეგი დიალოგისთვის.
უპირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მოიხსნას, ისინი არ დაიწყებენ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე არ დავასრულებთ ხელახალ შემოწმებას. ამისთვის სახელმწიფო დაიქირავებს ექსპერტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ცაგერის კულტურის სახლში 5 მარტს გამართეს. ამავე დღეს, მინისტრები სოფელ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ.