ქუთაისის კლინიკა „ბომონდში” კორონავირუსისგან 88 წლის და 72 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან ხანდაზმული პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.
კორონავირუსისგან ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 88 წლის მამაკაცი განიკურნა. ასევე გამოჯანმრთელდა 72 წლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია.
ამასთან, გამოჯანმრთელდა და კოვიდცენტრი დატოვა ორსულმა ქალმა, რომელიც ბათუმიდან კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში 20 დღის წინ შეიყვანეს. პაციენტმა კლინიკაში იმშობიარა და ბინაზე ახალშობილთან ერთად გამოჯანმრთელებული გაეწერა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდდადებითი 70 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები“, – აცხადებს „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.