ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსისგან 15 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი ოთხი დღის იყო, როდესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში 11 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამჟამად 26 დღის ჩვილს მკურნალობენ. ჩვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში დედასთან ერთად ხუთი დღის წინ შეიყვანა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
განყოფილებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ოთხი ჩვილია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის არის გაგზავნილი.
„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში 120 პაციენტი განაგრძობს მკურნალობის კურსს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 350-ზე მეტია.