ქუთაისის კლინიკა „ბომონდიდან“ ლაბორატორიაში სამი პირის, მათ შორის ერთი ორსულის საკვლევი მასალა გაიგზავნა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ „ცხელების ცენტრში“ წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან ორსული პაციენტი შეიყვანეს. 18 კვირის ორსული იტალიიდან არის დაბრუნებული. კლინიკაში ცხელების სიმპტომით კიდევ ორი პაციენტი იმყოფება, რომელთაც ცხელების ცენტრს თვითდინებით მიმართეს.
სამივე პირის ანალიზი ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად უკვე გაიგზავნა.
რაც შეეხება ცხელების ცენტრში მყოფ სხვა პაციენტებს, ოთხი მათგანის ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილია და კვლევის შედეგად, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
„ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც იღებს ცხელებიან ორსულებს.
„კლინიკის „ცხელების ცენტრი“ 27 მარტიდან არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დრომდე 250-მდე პაციენტი მივიღეთ, მათ შორის 17 ცხელებიანი ორსული. აქედან შვიდი კატასტროფის სამსახურმა აფხაზეთიდან გადმოიყვანა. არც ერთ პაციენტს არ დადასტურებია კოვიდინფექცია. ყველას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და მკურნალობა“, – განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მამუკა მიქაძემ.