ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ექვს პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ ექვს პაციენტს გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება
ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის პასუხი მიიღო და ყველა მათგანი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
გამოკვლეულ პაციენტებს შორის ორი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქეა. ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.
ამ დროისათვის კლინიკაში ექვსი პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება. მათგან ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი.
ყველა პაციენტს საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს. ექიმის თქმით, გუშინ პირველად ჩატარდა ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევა და ამიერიდან ქუთაისში ყველა საეჭვო შემთხვევა ადგილობრივ ლაბორატორიაში იქნება გამოკვლეული.