ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტია მოთავსებული.

თეიმურაზ ნადირაძის თქმით, რვა პაციენტს აქვს პნევმონია. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, სამ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში აუღებენ.

საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ერთი მცირეწლოვანია მოთავსებული. ბავშვს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს, და პასუხი დღის ბოლოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მოზარდის დედას „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა.