ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთი ინფიცირებული კი, მკურნალობას განაგრძობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.
რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ამავე კლინიკაში გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მას არ აქვს პნევმონია და აღენიშნება ტემპერატურა – 37,1. ამასთან, ექიმის თქმით, ინფიცირებულს გაუარესებული აქვს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.
პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, ის საფრანგეთში სწავლობს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები ამ ეტაპზე არ შეუყვანიათ.