ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი, ერთი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი, ხოლო საჩხერის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტი რჩება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა, მაგრამ პასუხი კვლავ დადებითია. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, აღნიშნული პირი უკვე 35 დღეა, სტაციონარში იმყოფება.
„პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მას არ აქვს დაავადების კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, თუმცა პროტოკოლის თანახმად, ორჯერ უარყოფითი პასუხის მიღებამდე კლინიკიდან ვერ გავწერთ“, – განუცხადა პირველ არხს თეიმურაზ ნადირაძემ.
რაც შეეხება კლინიკის მეორე კოვიდინფიცირებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე დამაკმაყოფილებელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, ცხელების სიმპტომით უკვე მესამე დღეა, პაციენტები არ მიუღიათ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.