ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან ექვსი პაციენტის კვლევის შედეგი მიიღო და მათგან ახალი კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ახალი ინფიცირებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კლინიკაში მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლეა.
ასევე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ქობულეთიდან ამავე პაციენტების ექვსი წლის შვილი გადაიყვანეს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს.
ამ ეტაპზე, ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 11-ს პნევმონია აქვს, თუმცა, ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.