ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მორიგი ეტაპი დასრულდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ტერმინალის ტერასა, ფასადი, ვიტრაჟები და სახურავი მოეწყო. ახალ ტერმინალს აქვს ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებულია ღია ტერასები გამწვანებით.
სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დაკვეთით შპს „ანაგიმ“ განახორციელა.
ამასთან, უკვე დასრულებულია აეროპორტის შიდა ტიხრებისა და იატაკის მოწყობის სამუშაოებიც. ამ ეტაპზე ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა ინტერიერის მოწყობა, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დროებით შეფერხდა.
ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის რემონტი, რის შემდეგაც ორივე გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით, ყველა აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი არსებულ ტერმინალზე ოთხჯერ დიდი იქნება, ახალ ტერმინალს შვიდი გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ პერიოდში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.