ქუთაისის აეროპორტიდან მაისში პირდაპირი რეგულარული რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა მიმართულებით შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი. მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად აღდგება.
18 აპრილიდან Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.
„14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი – 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი. როგორც იცით, რომ ჩვენს აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა ხუთი ქვეყნის ცხრა მიმართულებითაა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
შეგახსენებთ, საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა პისიარტესტის (PCR) ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.