ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ მათ შეურაცხყოფა მიაყენა
ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ მათ შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისში აცხადებენ, რომ ხმის მისაცემად მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბანთან მყოფ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ქუთაისის ერთ-ერთი მკვიდრი ზაზა ჯანგველაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ის და მასთან ერთად მდგომი რამდენიმე მოქალაქე „ქოცად“ მოიხსენია.

„22-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდექით, როდესაც ავტომობილი გაჩერდა, სადაც გრიგოლ ვაშაძე იჯდა. უკან დავიხიე, რომ მას მანქანიდან გადმოსვლის საშუალება ჰქონოდა, ვაშაძე გადმოვიდა და „ქოცები“ ხართო, დაცინვის ტონით გვითხრა. სირცხვილია, როდესაც ადამიანი, ვისაც პრეზიდენტობა სურს, ერს „ქოცებად“ და „ნაცებად“ ჰყოფს”, – განუცხადა პირველ არხს ჯანგველაძემ.

მომხდარი დაადასტურეს საარჩევნო უბანთან მისულმა სხვა ამომრჩევლებმაც.

„გრიგოლ ვაშაძის ავტომობილი უხერხულ ადგილას გაჩერდა, იქ იდგნენ მოქალაქეები, კარები რომ უნდა გაღებულიყო, ზაზა ჯანგველაძე გამოიწია გვერდით, რის შემდეგაც ვაშაძემ ჰკითხა, ქოცები ხართო. ჯანგველაძემ უთხრა, შე კაი კაცო, პრეზიდენტობა გინდა და რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ძალიან დიდი კულტურა გამოიჩინა ამ ხალხმა, რომ რამე არ მოხდა. ხალხი ძალიან გაღიზიანდა, არა მარტო „ქართული ოცნების“ მომხრეები, იქ იყვნენ მოწინააღმდეგე გუნდის მომხრეებიც და მათაც აღიარეს, რომ არ იყო სწორი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.