ქურთული მედია - სირია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს
ქურთული მედია - სირია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს

სირიის სამთავრობო ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას უახლოეს მომავალში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kurdistan 24-ი სირიის არმიის გენერალ-მაიორ, ჯაიზ ალ-მუსაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი პასუხი სამხედრო ოპერაცია იქნება იმ კრიმინალებისა და მოღალატეების წინააღმდეგ, რომელთაც აშშ-ი უჭერს მხარს“, – განაცხადა სირიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გასულ კვირას სირიის სამთავრობო არმიასა და ქურთულ დაჯგუფებას შორის მომხდარი დაპირისპირების პასუხად.

შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთების კონტროლირებულ ელ-კამიშლიში სირიის სამთავრობო არმიის კოლონა შევიდა. გენერალი ჯაიზ ალ-მუსა ამბობს, რომ სირიის ხელისუფლება დაღუპული ჯარისკაცების გამო შურს იძიებს.

ელ-კამიშლიში დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთების კონტროლირებული „სირიის დემოკრატიული საბჭოს“ წევრები დამასკოში მოსალაპარაკებლად იმყოფებოდნენ. ქურთები ასადის რეჟიმისგან ავტონომიური უფლებების მოპოვებას ცდილობენ.