„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
პირველი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებები კი ექვსი კანონპროექტისგან შედგება.
მთავრობა განმარტავს, რომ პროექტის მიზანი „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადეკვატური სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელება.
„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, 2005 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ დასჯად ქმედებად გამოცხადდა. ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ფორმები, მისი წესებისა და სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, ასევე კანონიერი და უკანონო ქმედებების შერევა, დანაშაულებრივი საქმიანობის გზების მუდმივი „დახვეწა“, მოქნილი ცნებების რეგლამენტირების აუცილებლობას საჭიროებს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოს უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას მისცემს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომების დანერგვა. პროექტი იმ უცხო ქვეყნების (აშშ, იტალია) გამოცდილებას ეყრდნობა, რომლებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბროლის ეფექტიანობით და სამართლებრივი ნორმების მოქნილობით გამოირჩევიან”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებებით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები. ამასთან, კანონში წარმოდგენილი დეფინიციები იხვეწება და ისეთი ტერმინები ემატება, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.