საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.
გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის სოლიდარობის აქტს, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს სამი თვის განმავლობაში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის და მის მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, ანალოგიური სამუშაოები რეგიონულ ცენტრებშიც განხორციელდეს.