„ქრუსეიდერსი“ ზე რაგბის გამარჯვებულია (ვიდეო)

ქრაისთჩერჩული კლუბი „ქრუსეიდერსი“ ზე რაგბის გამარჯვებული გახდა. ახალ ზელანდიელები ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ლაიონზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 37-18 დაამარცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქულები საჯარიმო დარტყმით ელტონ იანკისმა მოიპოვა, მასპინძლებმა მალევე დაადასტურეს ფავორიტის სტატუსი და მეტოქეს 20 უპასუხო ქულა შესთავაზეს. სეტა ტამანივალუმ და დევიდ ჰავილიმ თითო ლელო მიითვალეს, ხოლო რიჩი მოუნგამ კი ორ გარდასახვას ორი ჯარიმა დაუმატა და „ქრუსეიდერსს“ კომფორტული, 17 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმში კაილ ბრინკმა და ბიჩელ დრამონდმა ლელოები გაცვალეს, შემდეგ კი „ლაიონზი“ თამაშში დაბრუნდა, როდესაც გუნდს ხუთი ქულა მალკოლმ მარქსმა მოუტანა. ამის მიუხედავად ახალ ზელანდიელებს თამაშის მოგება არ გასჭირვებიათ და თამაშის ბოლო ლელო სკოტ ბარეტმა მიითვალა.

 

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ რობერტსონმა „ქრუსეიდერსთან“ ერთად მეორედ მოიგო ზე რაგბი. მთლიანობაში კი „ქრუსეიდერსმა“ მეცხრე ტიტული მოიპოვა.

ლელოები –

„ქრუსეიდერსი“ – ტამანივალუ, ჰავილი, დრამონდი, ბარეტი

„ლაიონზი“ – ბრინკი, მარქსი