ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც ერთ ლარად შეიძენენ
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც ერთ ლარად შეიძენენ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, არსებული დიფერენცირება მოიხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ, – ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

პრემიერმა განმარტა, რომ საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე.

„მე რამდენჯერმე ვახსენე, რომ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა.

დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება, სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს – პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება ექვსი ქორნიკული დაავადებისას, ესენია: გულსისძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეფსიის, ფილტვის, პარკინსონის დაავადებები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, გაგრძლდება მუშაობა, რომ მედიკამენტებისთვის ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები მინიმალური იყოს.

„საზოგადოებას ვპირდები, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი თანხები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“ – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.