ქრისტინე მეფარიშვილი - საქართველოდან მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის მომსახურების მიწოდება ნამდვილად ხდება
საქართველოდან მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისთვის მომსახურების მიწოდება ნამდვილად ხდება, თუმცა კონკრეტულად ბრენდების დასახელება არ შეიძლება, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქრისტინე მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში სააგენტოს 2020-2021 წლების საინვესტიციო სტრატეგია განიხილეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა. სააგენტო მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. ინევსტიციების მოზიდვა ტრადიციულის გარდა ახალ სექტორებშიც მოხდება, როგორიცაა ე.წ. მომსახურების აუთსორსინგი (როდესაც კომპანია რესურსებს ბიზნესის წარმოების გარკვეული პროცედურების შესასრულებლად გარედან, ხშირად უცხოეთიდან იზიდავს); ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ავტო და თვითმფრინავის ნაწილების წარმოება, ელექტრო კომპონენტების და ნაწილების წარმოება.
დისკუსიის დროს მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. აუთსორსინგის სექტორი, რომლის განვითარებასაც 2-3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, დღეს 3500 კაცს ასაქმებს.
„ეს ძალიან ახალი სექტორია საქართველოსთვის. 2-3 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ საქართველოში ეს სექტორი განვითარდებოდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის მანძილზე დაახლოებით 3500 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი (იგულისხმება ბიზნეს-პროცესების მომსახურების მიწოდება). ეს სერვისები მოიცავს ისეთ მარტივ მომსახურებას, როგორიც არის ქოლცენტრი, ონლაინჩატი. გარდა ამისა, მოიცავს ცოდნაზე დაფუძნებულ სერვისებს, როგორიც არის ფინანსური, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების აუთსორსინგი. მაგალითად ამერიკული კომპანია „ბეისფორი“ საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების აუთსორსინგს აკეთებს და ამერიკაში აშენებული 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნახაზების ნაწილი თბილისში მუშავდება“, – განმარტა მეფარიშვილმა.
გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი დაინტერესდა, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ცნობილი ბრენდები, როგორიცაა ტექნოლოგიური კომპანიები „ამაზონი“ და „ეფლი“, ასევე გერმანული ფლაგმანი ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“ თავისი ბიზნესპროცედურების ნაწილს საქართველოში აწარმოებს. მეფარიშვილმა ინფორმაციის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული ბრენდები საქართველოში მომსახურებას მართლაც იღებენ.
„მე არ შემიძლია დადასტურება, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა შემიძლია, დავადასტურო, რომ საქართველოდან ნამდვილად ხდება მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი ბრენდებისთვის აუთსორსინგი და სერვისების მიწოდება“, – განაცხადა მეფარიშვილმა.
ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არც ის დამალა, რომ სააგენტო მოცემულ მომენტში ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან მოლაპარაკებას აწარმოებს და წარმატებასაც ელოდება.
„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ავტონაწილების რამდენიმე მწარმოებელთან, მათ შორის ერთ-ერთი ავტონაწილებს ძალიან ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს. ველოდებით მათ საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგადად ავტონაწილების და თვითმფრინავის ნაწილების სექტორი ჩვენთვის ყველაზე ახალია და მომდევნო წლებში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, რადგან საბჭოთა კავშირის მერე ავტომიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა. თუმცა ამ ეტაპზე რაც შემიძლია დავადასტურო არის ის, რომ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება და ველოდებით, რომ შემდეგ წელს სულ ცოტა ორი ახალი საწარმოს მშენებლობა უნდა დაიწყოს. 100 პროცენტით ჯერ ვერ ვამბობ, თუმცა დიდი ნაწილით ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, – განუცხადა ქრისტინე მეფარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.