ქრისტინე მეფარიშვილი - „აწარმოე საქართველოში“ მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მომავალი ორი წლის განმავლობაში 3500 სამუშაო ადგილის შექმნას და 225 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. სააგენტომ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად შეიმუშავა და ექვსი ახალი ინვესტიციების სამიზნე პოტენციური სექტორიც შეარჩია, – ამის შესახებ სააგენტოს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქრისტინე მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლების საინვესტიციო სტრატეგია განიხილეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა. როგორც სააგენტოს საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუმარტა, სააგენტო აღნიშნულ სტრატეგიაზე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია) ერთად ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.
მეფარიშვილის თქმით, ექვსთვიანი კვლევის პერიოდში სააგენტომ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად 40-მდე ქვესექტორი დეტალურად შეისწავლა და პრიორიტეტულად ის სექტორები გამოარჩია, რომელსაც ინვესტიციების კუთხით ქვეყნისთვის ყევლაზე დიდი პოტენციალი აქვს და იმავდროულად საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიასთანაც თანხვედრაშია. პრიორიტეტულ სექტორებში ტრადიციულ დარგებთან ერთად ახალიც შევიდა.
„პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტრადიციულად შემომტანი სექტორები: უძრავი ქონება და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. თუმცა რამდენიმე ახალი სექტორიც გვაქვს, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველში, მათ შორის ე.წ. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი და ზოგადად მომსახურების აუთსორსიგნი (როდესაც კომპანია რესურსებს ბიზნესის წარმოების გარკვეული პროცედურების შესასრულებლად გარედან ხშირად უცხოეთიდან იზიდავს); წარმოების რამდენიმე ქვესექტორი – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ავტო და თვითმფრინავის ნაწილების წარმოება, ელექტრო კომპონენტების და ნაწილების წარმოება“, – განაცხადა მეფარიშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პრიორიტეტული სექტორები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა, მათ შორის აქცენტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის პოტენციალზე გაკეთდა.
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საერთაშორისოდ მიღებული მეთოდოლოგია გამოიყენა და შეფასება მრავალი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. მაგალითად, შევარჩიეთ სექტორები, რაც ბევრ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის, ექსპორტზეა ორიენტირებული, ქვეყნაში ცოდნისა და ტექნოლოგიების შემოტანა შეუძლია. ასევე ის სექტორები, რომლებიც ზოგადად მსოფლიო და რეგიონის მასშტაბით მზარდია და სადაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს“, – აღნიშნა მეფარიშვილმა.
ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ახალი საინვესტიციო სტრატეგია დიდი გამოწვევაა და ის რომ სისრულეში მოვიდეს, სააგენტო დაახლოებით 7-8 ათას პოტენციური ინვესტორ კომპანიას უნდა დაუკავშირდეს, საიდანაც სავარაუდოდ 30 პროექტი იქცევა რეალობად.
„7-8 ათასი კომპანიასთან დაკავშირების შედეგი იქნება ორი წლის მანძილზე დაახლოებით 30 განხორციელებული პროექტი. რეალურად წარმატებული შედეგის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ამიტომ ეს სამუშაო შრომატევადია. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს 30 ახალი პროექტი არ იქნება ენერგეტიკაში, ლოგისტიკაში და ასე ვთქვათ, ტრადიციულ სექტორებში. ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოს ახალ სექტორებში“,- განუცხადა ქრისტინე მეფარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.