ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოში ათასობით მორწმუნე ზეიმობს - „მოამბის“ სპეცგამოშვება
ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.
კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.
ქრისტეშობის დღესასწაულს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს აღნიშნავს. ეკლესიის პასტორმა ალბინა ზოტოვამ სადღესასწაულო მსახურება ჩაატარა.
ქრისტიან-ადვენტისტები კი შობას ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს არ აღნიშნავენ, თუმცა დღევანდელ დღეს შობა მაინც იზეიმეს. მიზეზად წმინდა წერილი მოჰყავთ, სადაც მათი თქმით, არ არის მითითებული ქრისტეს შობის ზუსტი დრო.
25 დეკემბერს აღნიშნავს შობას „ხსნის არმია“. საქართველო ერთ-ერთია იმ 128 ქვეყნიდან, სადაც ეს ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. „ჯარი იარაღის გარეშე“ – ასე უწოდებენ ორგანიზაციას, რომლის წევრები ხშირად ჯარისკაცები და ოფიცრები არიან.
ქრისტეშობის ღამე ბათუმის სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში წლის ყველაზე ხალხმრავალია. პროტესტანტული ეკლესია 1995 წლიდან მოქმედებს და შობისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა. ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ყოველ კვირას თითო სანთელს ანთებენ, მეოთხე კვირის შემდეგ კი შობას ოთხი ანთებული სანთლით ხვდებიან. ეკლესია საგანგებოდ ირთვება წირვისთვის, რომელიც დილამდე გრძელდება.
გალობით, ლოცვითა და ქადაგებით შეეგებნენ ქრისტეშობას საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტები. ღვთისმსახურება კი საშობაო საგალობლით დაიწყო, მგალობელთა გუნდთან ერთად პირველ გალობას მრევლიც ასრულებდა. შემდეგ კი მრევლს ხუცესმა მიმართა, რომელმაც ისაუბრა შობაზე, მის არსსა და მნიშვნელობაზე.
ქრისტიანულ კონფესიებში ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა ასირიულ-ქალდევურმა კათოლიკურმა ეკლესიამ უფლის შობა არამეულ ენაზე გალობით დაიწყო. ასირიელები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური რიცხვია და უფრო მნიშვნელოვანი თავად ამ დღესასწაულთან დაკავშირებული გზავნილებია, რომ გაავრცელონ სიყვარული და სიკეთე.
დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.
ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი „მოამბის“ სპეციალური გამოშვება დღეს, 23:30 საათზე გავა ეთერში.
შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვებს საქართველოში მოქმედი კონფესიების ტაძრებიდან.