ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ასისტით დაეხმარა - ვალენსიელები „ეიბარს“ დაუზავდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა ისევ გამოიჩინა თავი ესპანეთში, სადაც „ლევანტე“ „ეიბარს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალენსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო, 76 წუთი ითამაშა, კარგი მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება (7,0) დაიმსახურა.
სტუმრებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, რაშიც მთავარი როლი ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გიორგიმ საკუთარ ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა და შეტევა წამოიწყო, თანაგუნდელებს ორჯერ გაუთამაშა „კედელი“, ბურთი დაიბრუნა და ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ როჯერ ბრუგე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
„ეიბარმა“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე (47) სწრაფი შეტევით და ანტონიო პუერტასის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე ვალენსიელების ასევე სწრაფი და ეფექტური კომბინაცია ივან რომერომ დააგვირგვინა, მაგრამ 90+2-ე წუთზე პუერტსმა „ლევანტეს“ მეორედ გაუტანა და გამარჯვება ხელიდან გამოაცალა – 2:2.
„ლევანტემ“ სეზონი კარგად დაიწყო, ჯერაც დაუმარცხებელია და ლა ლიგა 2-ში გამართული 3 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 ადგილზეა. ქოჩორაშვილის ანგარიშზე კი 3 შეხვედრაში 1-1 გოლი და საგოლე გადაცემაა.