ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებულთან დაკავშირებული 40 პირის ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირებულთან დაკავშირებული 40 პირის ანალიზების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

ე.წ. ქობულეთის კლასტერის 40 წევრის ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 148 მოძიებული კონტაქტიდან 40 პირს კვლევა დღეს ჩაუტარდა. კლასტერის გეოგრაფია ქალაქ ქობულეთს და ოთხ სოფელს მოიცავს. კონტაქტების მოძიებისა და ეპიდემიური კვლევის პროცესი გრძელდება.

ქობულეთის კლასტერიდან, რომელიც 60 წლამდე ქალს უკავშირდება, დღემდე სულ 12 პირს დაუდგინდა კორონავირუსი.

კლასტერის წევრებთან კონტაქტის გამო, დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა.

დღემდე გამოკვლეულ მედპერსონალს ვირუსი არ დაუდასტურდა, ნაწილი თვითიზოლაციაში რჩება.

სამედიცინო ცენტრი იმ მედპერსონალის საშუალებით, რომელსაც არ ჰქონდა საეჭვო კონტაქტები, სავარაუდოდ საქმიანობას ორშაბათიდან განაახლებს.