ქობულეთში ეპიდემიური სიტუაციის კვლევა გრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და სოფელ გვარას ამბულატორიაში ამ დრომდე რჩებიან ეპიდემიოლოგები.
აღებულია მასალა, როგორც უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ხდება ინფიცირებულებთან შესაძლო კონტაქტში მყოფი პირების ლაბორატორიული გამოკვლევა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ კვლევების შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი ქობულეთში არსებული მდგომარეობის რეალური სურათი და მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებებიც.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებით განმარტებებს ანალიზების პასუხებამდე ვერ გააკეთებენ.
დილიდან დაკეტილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრი და სოფელ გვარას ამბულატორია, სადაც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ ე.წ. ქობულეთის კლასტერის წევრები, მათ შორის ბათუმში ინფიცირებული 60 წლამდე ქალის მამაც.
მიმდინარეობს სამედიცინო მოკვლევა, დაუშვეს თუ არა ექიმებმა შეცდომა ან დაირღვა თუ არა პროტოკოლით გათვალისწინებული წესები.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება კვლევის პროცესი. პარალელურად, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 50-ზე მეტი ახალი კონტაქტია მოძიებული.