სოფელ გვარაში 46 პირს თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა
სოფელ გვარაში 46 პირს თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის სოფელ გვარაში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 46 პირი, თვითიზოლაციის რეჟიმიდან გათავისუფლდა, რადგან მათ განმეორებითი ტესტის შემდეგაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სოფელი გვარა მთლიანად შესწავლილია.

„46 პირი გამოვიდა თვითიზოლაციის რეჟიმიდან, ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, როგორც სხვა პირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქობულეთის ოთხ სოფელში, რომელთა რიგებშიც არის გვარა, მკაცრი საკარანტინო პირობები შეიცვლება. სოფელი გვარა მთლიანად შესწავლილია და მიმდინარეობს, როგორც დარჩენილი სამი სოფლის, ასევე ქალაქ ქობულეთის საფუძვლიანი კვლევაც“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 530 კონტაქტი, მათი უმრავლესობა უკვე გამოკვლეულია. სწორედ ამ კლასტერს უკავშირდება 34 ინფიცირებული.