ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში სასურსათო მაღაზიები მუშაობას აგრძელებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში სასურსათო მაღაზიები ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. როგორც მაღაზიების მფლობელები ამბობენ, მოსახლეობა სოციალურ დისტანციას იცავს და რეკომენდაციებს ითვალისწინებს. რაც შეეხება მაღაზიების მომარაგებას, მათი მომარაგება დღეს იგეგმება.
ქობულეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვაში ჯაბა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ სოფელში დღეს ე.წ მობილური, მოძრავი ბაზარიც იფუნქციონირებს.
„სამი მარკეტი გვაქვს ლეღვაში, დისტრიბუცია მოხდება მაქსიმალურად. ჩვენ აღრიცხვაზე გვყავს ყველა, შემოტანაზე არ იქნება პრობლემა. დღეს ველოდებით ასევე მოძრავ ბაზარს, ბაზრებს შევუშვებთ ისეთ უბნებში, სადაც მძიმე არის სიტუაცია და დავაყენებთ ამ ბაზრებს. მოსახლეობას ექნება საშუალება, შეიძინოს სასურველი პროდუქტი. ჩვენი მოწოდებაა, რომ ჩვენ ვართ სამსახურში, ვცდილობთ რომ ხალხი სახლებიდან არ გამოვიდეს და ყველა იყოს სახლში, ამას ვცდილობთ მაქსიმალურად, ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, რათა მივაწოდოთ ის რაც სჭირდება ხალხს“, – განაცხადა ჯაბა სტამბოლიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.