ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, თერმოსკრინინგი გრძელდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში აქტიურად გრძელდება თერმოსკრინინგი. როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, გუშინ 1 600 ადამიანი შემოწმდა, რომელთაგან 13 მათგანი საყურადღებო აღმოჩნდა. ქათამაძის განცხადებით, დღეს სკრინინგისას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ადამიანს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. მისივე თქმით, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გადაეგზავნათ.
„მუხაესტეტაში, ლეღვაში, წყავროკვასა და გვარაში, ასევე ქალაქის ცალკეულ უბნებში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რაც გულისხმობს არამხოლოდ სხეულის ტემპერატურის გაზომვას, არამედ ყველა სახის კითხვარს შესამოწმებელი პირის მისამართით. კითხვარი გულისხმობს ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადატანილი ავადობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ეს ყველა ინფორმაცია თავს იყრის ერთიან საინფორმაციო ბაზაში, გადაეცემა სათანადო ორგანოს და თუკი საჭირო იქნება და გამოვლინდება საყურადღებო შემთხვევა, იქნება შესაბამისი რეაგირება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. გუშინ პირველი დღე იყო და 1 600-ზე მეტი ადამიანი იყო შემოწმებული. დღეს აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი ექიმების მიერ და დღის ბოლოს გვექნება მონაცემები, რომელიც მოიცავს შემოწმებული პირების რაოდენობას, ასევე იმ საყურადღებო შემთხვევებს, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. დღის განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა გამოვლენილი, აქ საუბარია სიცხეზე. ეს ხალხი აღირიცხა საინფორმაციო ბაზაში და გადაეცა ჯანდაცვის სფეროს შესაბამის ჯგუფს და ყველა შემთხვევაზე იქნება რეაგირება. სათანადო ყურადღება მიექცევა, გატარდება ყველა ზომა ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენ ადამიანზეა საუბარი დღის ბოლოს გვეცოდინება“, – განაცხადა მირიან ქატამაძემ.