ქობულეთის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე შეზღუდვების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა
ქობულეთის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე შეზღუდვების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, უკვე მეორე დღეა, სასაფლაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებს. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, ამ დროისთვის სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

„ორი დღეა, სრულად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების შეზღუდვის კონტროლი. ისევე, როგორც გუშინ, დღესაც სასაფლაოების მთლიან პერიმეტრს და შესასვლელებს აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად. სრულად კონტროლდება ქალაქში არსებული ოთხი დიდი სასაფლაო, ასევე, სოფლებში არსებული სასაფლაოები და ამ მომენტისთვის ჯერ არანაირი გადაცდომა ამ კუთხით ან რეკომენდაციის შეუსრულებლობა არ დაფიქსირებულა. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობა, რომლისთვისაც ტრადიციად არის ქცეული აღდგომის მეორე დღეს საფლავების მონახულება, გაგებით ეკიდება ამ მოთხოვნას, შეზღუდვას და შესაბამისად, დროებით უარს ამბობს ამ ტრადიციების შესრულებაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მომავალში, როგორც საქართველოში, ისე ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს ​„კოვიდ-19“-ის ინფექცია“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.