ქობულეთის მერი - მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს
ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს, რისი საშუალებითაც მოსახლეობა საჭირო პროდუქტის შეძენას მოახერხებს, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა.
მირიან ქათამაძის თქმით, მოძრავი ბაზრები ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გაკეთდება.
„კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთსა და მათ შორის ამ სოფლებშიც, ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც. ხვალიდან კი, მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი, ამოქმედდება მობილური ბაზრები. ჩვენ, ამას ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გავაკეთებთ. გამოიყოფა ტრანსპორტი და ასევე ყურადღება გამახვილდება, რომ პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის მერი ამბობს, რომ კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ასევე ქალაქ ქობულეთის იმ უბნების მცხოვრებლებსაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.