ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად მივიდა
„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა. ის ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუშს აბარებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ რვა თვეა, ამბობენ, ქიბარ ხალვაში არ მიდის ექსპერტიზაზე და რატომ არ ცხადდებოდა აქამდე, „რუსთავი 2“-ის მფლობელმა განაცხადა:
„ვინც ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაზე. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად, ხომ არ დავმალულვარ, არა?“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.