ქეთი მსხილაძე ნინო ზაუტაშვილის მოთხოვნაზე - საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი და ნებისმიერ ინსტიტუციას მიმართოს თავისი მოთხოვნით
საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი და ნებისმიერ ინსტიტუციას მიმართოს თავისი მოთხოვნით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთი მსხილაძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არის სიტყვის თავისუფლება, საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი; მოუწოდოს ვისაც უნდა. შეუძლია, მიმართოს ნებისმიერ ინსტიტუციას თავისი მოთხოვნით. ასე რომ, მე ვერც ვერავის ავუკრძალავ და ვერც ვერავის გავაკრიტიკებ ამის გამო. შემიძლია, რაღაც მოსაზრებაზე ჩემი პასუხი გამოვხატო, მეტი არაფერი და ჩემი პასუხი არის სიტყვის თავისუფლება. ასევე, მე მაქვს სრული უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრება, მივმართო ნებისმიერ ინსტიტუციას, მოვუწოდო ნებისმიერ ვინმეს რაღაცისკენ და ა. შ.“, – განაცხადა ქეთი მსხილაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი პარლამენტს მიმართავს, პირველი არხის თანამშრომლების ნაწილისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხზე მსჯელობა დაიწყოს. როგორც ზაუტაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს შრომითი ხელშეკრულების პირობების ცვლილება შესთავაზა.