ქეთი ხუციშვილი - ევროპელ პარლამენტარებს როდესაც ვხვდებით, გვეუბნებიან, რომ მთავრობა არ იმსახურებს სტატუსს, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და სტატუსი მისცენ ქართველ ხალხს
ევროპელ პარლამენტარებს როდესაც ვხვდებით, გვეუბნებიან, რომ მთავრობა არ იმსახურებს სტატუსს. ჩვენ ვპასუხობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და სტატუსი მისცენ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„სამწუხაროდ, იმ დღიდან, როდესაც განაცხადი იქნა შეტანილი კანდიდატის სტატუსზე, ხელისუფლებამ ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა და ეს ნაბიჯები, ფაქტობრივად, ევროინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული, იქნებოდა ეს რუსეთთან ფრენების აღდგენა, მედიამენეჯერების დაჭერა, ახალი კანონის ინიცირება არასამთავრობოების, მედიის წინააღმდეგ და სხვა. ამიტომ, ხშირად, როდესაც ევროპელ პარლამენტარებს და ევროკომისიონერებს ვხვდებით, გვეუბნებიან, რომ, რეალურად, მთავრობა თავისი ქმედებით არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დროს ჩვენ ვპასუხობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს და სასურველია, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და, რეალურად, სტატუსი მისცენ ქართველ ხალხს. მთავარია, სტატუსი მიიღოს სახელმწიფომ და მაშინ, როდესაც ვხედავთ ეჭვს ევროპელ პარლამენტარებში, მთავრობა თავისი ქმედებით იმსახურებს თუ არა სტატუსს, ასეთ დროს ჩვენ ვეუბნებით, რომ სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რადგან მას იმსახურებს ქართველი საზოგადოება“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.