ქეთევან მსხილაძე - არ ვარ წინააღმდეგი, საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტი სიკეთე ჰქონდეს, მაგრამ არა სხვა ტელევიზიების ხარჯზე
არ ვარ წინააღმდეგი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამატებითი სიკეთე მიიღოს, მაგრამ დამატებითი სიკეთე არ უნდა ლახავდეს სხვა ტელევიზიების ინტერესსა და უფლებებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ქეთევან მსხილაძემ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დამატებითი სიკეთეები არ უნდა აყენებდეს არაკონკურენტულ გარემოში სხვა ტელევიზიებს, გარდა ამისა, ეს სიკეთეები არ უნდა აჩენდეს ეჭვებს საზოგადოებაში, რომ შეიძლება სიკეთეების უკან გარკვეული მომენტები იმალებოდეს, როგორიცა ფავორიტიზმი და გარკვეული გარიგებები. ამიტომ, როდესაც საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცალკე ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ, უნდა განვიხილოთ მთელი მედია სივრცის ნაწილად, უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რაც არსებობს დღეს, იმ განვითარებების ფონზე, რაც ბოლო ერთი, თუ მეტი წლის განმავლობაში მედიაში მიმდინარეობს“,- აღნიშნა მსხილაძემ.
მისივე თქმით, გააჩნია კონკრეტული ეჭვები და მოსაზრებები, რომლებსაც როგორც მენეჯმენტთან და საბჭოსთან, ასევე პრეზიდენტთანაც გამოთქვამს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამის განთავსებას, მსხილაძე მიიჩნევს, რომ ეს კერძო ტელევიზიებს საკმაოდ დააზარალებს.
„რაც შეეხება დამატებითი რეკლამის მიცემას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ეს უსათუოდ აისახება კომერციული ტელევიზიების შემოსავალზე. სარეკლამო ბაზარი ისედაც მცირდება და ამის ფონზე, კომერციული ტელევიზიებს რომ გაუჩნდებათ კონკურენტი, რომელსაც ისედაც გარანტირებული შემოსავალი აქვს, ეს უსათოდ აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. კომერციულ ტელევიზიებს, რომლებიც სარეკლამო შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, ეს თანხა თუ გამოაკლდებათ, ალბათ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტი სიკეთე ჰქონდეს, მაგრამ ეს მეტი სიკეთე მედიაგაუარესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს“,- განაცხადა მსხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი თემა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტია.
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.